ვლადიმერ ბოჟაძე: იმედი მაქვს, რომ FARA-ს საშუალებით გავიგებთ, რამდენი გადაიხადა ბაჩიაშვილმა იმისათვის, რომ ამერიკის დღის წესრიგში დამდგარიყო
„ის ღიად აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს და სამწუხაროდ ბაჩიაშვილისნაირ პიროვნებებს, როგორც ჩანს, არაერთხელ შეეცდებიან გამოიყენონ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ,“ – ასე ეხმიანება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე, სენატორი ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებას.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილმა მილიარდობით ზარალი მიაყენა ბიძინა ივანიშვილს და ის სრულიად სამართლებრივად მიეცა პასუხისგებაში.
„იმედი მაქვს, რომ FARA-ს საშუალებით გავიგებთ, რამდენი გადაიხადა ბაჩიაშვილმა იმისათვის, რომ ამერიკის დღის წესრიგში დამდგარიყო. ის ადამიანები, ვინც მას ლობირებენ – „ჰელსინკის კომისია“ და კონგრესმენები, რომლებიც დიდი ხანია ცნობილები არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და „დიფ სთეითის“ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სამწუხაროდ კიდევ გრძელდება. ბაჩიაშვილმა მილიარდობით ზარალი მიაყენა ბიძინა ივანიშვილს და ის სრულიად სამართლებრივად მიეცა პასუხისგებაში. ადამიანი გაიპარა ქვეყნიდან და მადლობა შესაბამის უწყებებს, რომ დააპატიმრეს და წარდგა მართლმსაჯულების წინაშე, ახლა უკვე გარედან ცდილობს საკუთარი პერსონის ლობირებას. ის ღიად აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს და სამწუხაროდ ბაჩიაშვილისნაირ პიროვნებებს, როგორც ჩანს, არაერთხელ შეეცდებიან გამოიყენონ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.