საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი

სამთავრობო დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაციის წევრია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

ქ. ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კოლეგას, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ იშტვან ნაძს შეხვდა და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთთან თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით ხელშესახებ შედეგებს უკვე ვიღებთ. ამ მხრივ, უნგრეთის მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია. მოხარულები ვართ, რომ საქართველო, უნგრელი ექსპერტის დახმარებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კუთხით მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობას. კოლეგა მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და საკუთარი წვლილი შეიტანონ აგრარული სექტორის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში.

„დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენს სამინისტროებს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი წარმოადგენს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის ახალ ეტაპს. ის გამოხატავს ჩვენს საერთო ხედვას და მტკიცე ვალდებულებას, კონკრეტული ნაბიჯებითა და ერთობლივი ძალისხმევით ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, რაც სტუდენტური და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს გულისხმობს.

„ქართველი ექსპერტებისა და სპეციალისტების გაძლიერება ჩვენი დარგობრივი განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. თითოეული სექტორის წარმატება მისი ადამიანური რესურსების შესაძლებლობებითა და ხარისხით არის განპირობებული. ვიმედოვნებ, საქართველოში მცხოვრები სტუდენტების და ექსპერტების უნგრეთის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტყეების მართვის მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც ჩვენთვის, ასევე უნგრეთისთვის და ამ ნაწილში გამოცდილების გაზიარება ცალსახად პრიორიტეტულია.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ადგილწარმოშობის და გეოგრაფიული აღნიშვნების აღიარება, მართვა და დაცვა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნგრეთის გამოცდილება Hungarikum-ის, უნგრული ტრადიციული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ; სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების სექტორებში სახელმწიფო პროგრამების მართვა; აგრარული ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ქართველი სტუდენტების უნგრეთის სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობას, სამეცნიერო-კვლევით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მარცვლოვანი კულტურებისა და სათესლე მასალის წარმოების სფეროში პარტნიორობის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები