მამუკა მდინარაძე: ბაჩიაშვილს, თუ სხვა ბრალდებულებს აქვთ განცდა, რომ ჩაიდენენ დანაშაულს და რამდენიმე წლიანი ციხეში ყოფნის შემდეგ შერჩებათ ძალიან დიდი ფული, ასე აღარ იქნება

 

,,ბაჩიაშვილს, თუ სხვა ბრალდებულებს აქვთ განცდა, რომ ჩაიდენენ დანაშაულს და რამდენიმე წლიანი ციხეში ყოფნის შემდეგ შერჩებათ ძალიან დიდი ფული, ასე აღარ იქნება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, მედიასთან ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ფინანსური დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხება.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო საკანონმდებლო ინიციატივის ინსპირაცია გიორგი ბაჩიაშვილი, მდინარაძე ადასტურებს რომ, ბაჩიაშვილი იყო.

 

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიახ [ინსპირაცია გახდა გიორგი ბაჩიაშვილი], მათ შორის ოღონდ, რადგან ბაჩიაშვილს, თუ სხვა ბრალდებულებს აქვთ განცდა, რომ ჩაიდენენ დანაშაულს და რამდენიმე წლიანი ციხეში ყოფნის შემდეგ შერჩებათ ძალიან დიდი ფული, ასე აღარ იქნება. ასე იცვლება კანონები, მაშინ როცა კანონმდებელი ხედავს გამოწვევას.

 

რომ განვმარტოთ არსი იმ ცვლილებების, რომელიც დარეგისტრირდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ, ინიციატივა ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულების ჩამდენ პირებს. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მარტივდება დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ფინანსურ დანაშაულს ჩაიდენს და მიაყენებს მეორე ადამიანს ზიანს, მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების ამოღება. აქამდე თუ ეს ხანგრძლივ პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის სამოქალაქო დავას, რომელიც წლები გრძელდებოდა, ახლა გამარტივებული იქნება. ასევე პროკურორს ექნება საშუალება მიმართოს სასამართლოს და ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენ პირს აეკრძალება ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს და ამის უზრუნველყოფა იქნება ელექტრონული სამაჯური. ამით პრევენციას ვახდენთ იმის, როდესაც დამნაშავე ამბობს ხოლმე, რომ დავჯდები [ციხეში] ორი წელი, ხუთი წელი და მილიონს პირობითად, რომლითაც დავაზარალე პირი, შევირჩენო“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები