დავით სონღულაშვილი, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს მაფალდა დუარტეს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „კლიმატის მწვანე ფონდის“ (Green Climate Fund – GCF) აღმასრულებელ დირექტორ მაფალდა დუარტესთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისკენ მიმართული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„საქართველოს პარტნიორობა „კლიმატის მწვანე ფონდთან“ (GCF) 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ჩვენ ჩართულები ვართ ფონდის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მაფალდა დუარტემ დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებში და მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს GCF-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, განსაკუთრებით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებებით.

„კლიმატის მწვანე ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გაეროს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შედგა, სადაც დავით სონღულაშვილმა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან გამართა. შეხვედრებში მინისტრთან ერთად მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები