Functions, Models and Systems – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), მათემატიკის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ მათემატიკის მკვლევრები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან.

კონფერენცია გახსნეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.

წლევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფუნქტორიალური მეთოდების გამოყენებას მოდულთა კატეგორიაში, ტოპოლოგიაში, ფუნქციონალურ ანალიზსა და ლოგიკაში.

ღონისძიების ფარგლებში იმართება Springer Verlag-ის მათემატიკის წიგნების გამოფენა, რის შემდეგაც სამეცნიერო ლიტერატურა საჩუქრად გადაეცემათ KIU-ს სტუდენტებს.

წლევანდელი კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელია KIU-ს მათემატიკის სკოლა, საორგანიზაციო ჯგუფში კი, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ასევე არიან KIU-ს მათემატიკის სკოლის პროფესორი ალექსანდრე მესხი, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორი გიორგი ნადარეიშვილი, KIU-ს მათემატიკის სკოლის მოწვეული პროფესორი ანზორ ბერიძე.

სესიებს ესწრებიან KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში კონფერენციებს სამჯერ უმასპინძლა ესპანეთმა, ასევე ესტონეთმა და ბელგიამ. რიგით მეექვსე კონფერენციას KIU 5 დღის განმავლობაში – 9-13 ივნისს მასპინძლობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები