ლაშა ხუციშვილი: ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები
„საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ – ამ სახელწოდების ეკონომიკური ფორუმი გახსნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომელზეც ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე.
ლაშა ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (EBRD; ADB; WB; IMF; AIIB) წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართული მოლაპარაკებების შესახებ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა გარკვეული გამოწვევები, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის სიძლიერის ფუნდამენტურ საკითხებს.
„პირველ რიგში, ქვეყანას უნდა მიეღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური მდგრადობისთვის, იმისთვის, რომ შექმნილიყო საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, რადგან, თუ ქვეყანას არ აქვს მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა, სხვა ყველაფერი, რაზეც შეიძლება დაშენდეს ეკონომიკური სტრატეგია, ვერ იქნება მყარი და გრძელვადიანი. ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბოლო ოთხ წელიწადში, ქვეყანამ სრულად მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას იმდაგვარად, რომ მასზე შეიძლება აიგოს ძლიერი ეკონომიკური მომავალი. ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-დან შემცირდა 2.4%-მდე, საგარეო ვალის მაჩვენებელი, რომელიც იყო 60%-მდე, ჩამოვიდა 36%-მდე – თითქმის განახევრდა ოთხ წელიწადში მშპ-სთან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, როცა გვქონდა ორნიშნა, ახლა გვაქვს ისტორიული მინიმუმი 4.4%-ის ოდენობით, ინფლაციის მაჩვენებელი ახლოსაა მიზნობრივთან და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შესაბამისობაში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის იშვიათ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელმაც მოკლე დროის მონაკვეთში შეძლო აღედგინა ფისკალური მდგრადობა, რითაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პარტნიორია საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
„ისევე, როგორც ბანკებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ რა თანხასაც დააბანდებს, თუ ინვესტიციას გააკეთებს ქვეყანაში, არ დადგეს რისკის ქვეშ. ამ მხრივ, ალბათ მსოფლიოს 3-4 ქვეყანას შორის ვართ, რომელთანაც ფისკალურ მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვები საერთოდ არ არის და პრინციპში, ესეც იყო იმის შედეგი, რომ პრაქტიკულად, ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაახლოებით, 700-800 მეგავატ განახლებადი ენერგიის წყაროებს შემატებს საქართველოს ელექტროსისტემას. შესაბამისად, მინდა აღვნიშნო, რომ საფინანსო ინსტიტუტების მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პროგნოზები და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდებში გვექნება განახლებები და სიახლეები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
გამოსვლისას ლაშა ხუციშვილი, ასევე, შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანი მისიის შედეგებსა და გამოთქმულ შეფასებებს. მისი თქმით, ფონდმა დაადასტურა ყველა ის ფინანსური, ეკონომიკური პარამეტრი, რაც ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა მიმდინარე პროცესსა და პროგნოზებში.
„ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოს ეკონომიკამ შექმნა იმ რაოდენობისა და მოცულობის ბუფერები, რომელიც გაუმკლავდება ნებისმიერ პოტენციურ კრიზისს, რაც შეიძლება თეორიულად იქნეს წარმოქმნილი, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ყველა ფისკალური პარამეტრი, კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს მსხვილი საინვესტიციო პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა თუ ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე, ყურადღება გამახვილდეს IT სექტორის განვითარებაზე, რომელიც მზარდია და აქვს დიდი შესაძლებლობები.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც გამოსვლისას ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ეხებოდა საინვესტიციო ბანკებთან გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს მიერ საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული პროგრესი, როგორც ეკონომიკური, ისე მმართველობითი ხარისხის მიმართულებით და საინვესტიციო ბანკების მხრიდან მზაობა, ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა.
დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისა და საინტერესო ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობისთვის.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ.