ანდრო გოცირიძე: ტერორისტის იარლიყი თუ ვინმეს მიეკვრება თავად კრემლის რეჟიმია

,,ტერორისტის იარლიყი თუ ვინმეს მიეკვრება (თავისთავად ცხადია, მსოფლიოში სხვა ტერორისტულ რეჟიმებთან ერთად), თავად კრემლის რეჟიმია”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა შეეცდება ბირთვული მუქარა განაახლოს, მაგრამ რაც უფრო შემცირდება რუსული სამხედრო მანქანის პოტენციალი, მით უფრო შესუსტდება რუსეთის ხელისუფლების ნება, გააგრძელოს სისხლისმღვრელი ომი.

“ამსიშორეზე ამგვარი სადაზვერვო ოპერაციით უკრაინამ აჩვენა, ერთი მხრივ, რუსული შიდა უსაფრთხოების სისუსტე, მეორე მხრივ – უკრაინული სპეცსამსახურების ძლიერება. ასეთი მაღალი კონსპირაციის წყალობით, ოპერაცია, რომელიც თითქმის 2 წელი იგეგმებოდა და მრავალეტაპიანი იყო, გულისხმობდა კამუფლირებას, დრონების საზღვარზე გადატანას, შემდგომ იქ დამონტაჟებას, დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას და ამოქმედებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ პირების სამშვიდობოს გაყვანას, რომლებიც ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. ამგვარ თვითმფრინავებს შეუძლიათ ატომური ქობინებით აღჭურვილი რაკეტების გასროლა, თანაც საზღვრიდან ისე მოშორებით და ისეთ სიმაღლეზე, რომ უკრაინული და ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებისთვის მიუღწეველი იყოს. ასეთი თვითმფრინავების რაოდენობა მკვეთრად შეზღუდულია და, შესაბამისად, განადგურებულმა პროცენტმა რეალურად შეცვალა ატომური ბალანსი მსოფლიოში.

ეს მარტო რუსეთ-უკრაინის ომისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, ამას ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთი, აშშ, ევროპა იმიტომ, რომ რუსეთს ამ ატომური იარაღის გამშვები საშუალებების პრობლემა აქვს, მით უმეტეს ახლა, როცა ის პირდაპირი დარტყმის ობიექტია. კიდევ ხიდების აფეთქება და ასეთი ღონისძიებები იმისთვის ტარდება, რომ რუსეთი აიძულონ, წინაპირობების გარეშე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, კერძოდ, შეწყვიტოს ცეცხლი. ასეთი ღონისძიების დაგეგმვას დიდი დრო სჭირდება და რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდგომ, როცა უკრაინა პირველი შოკიდან გამოვიდა, მაშინვე დაიწყო ამ ღონისძიების დაგეგმვა (შესაძლოა უფრო ადრეც) და ახლა ამ სწორად დაგეგმილი ღონისძიების ნაყოფს იმკის რუსეთი. რუსეთი ახლა შეეცდება ბირთვული მუქარა განაახლოს, მაგრამ რაც უფრო შემცირდება რუსული სამხედრო მანქანის პოტენციალი, მით უფრო შესუსტდება რუსეთის ხელისუფლების ნება, გააგრძელოს სისხლისმღვრელი ომი.

უკრაინას ძალიან მაღალი ხარისხის სპეცსამსახურები ჰყავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას ახლა ერთ-ერთი ყველაზე მობილური სამხედრო პოტენციალი აქვს. მასში შედის დაზვერვის კომპონენტიც. თუმცა თუ დახმარება არსებობდა, ესეც უკრაინელი პოლიტიკოსებისა და საგარეო პოლიტიკის წარმატებაა. სადაზვერვო ღონისძიებები, ძირითადად, ტარდება ორი ეფექტისთვის: 1 მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალის გასატეხად (ამ შემთხვევაში რუსეთის) და 2. რუსი ხალხის ან პოლიტიკური ლიდერშიფის ნების ცვლილებისთვის ომის გაგრძელების თაობაზე. ეს ოპერაცია დიდი ზარალია რუსეთის ბირთვული პოტენციალისთვის. რაც შეეხება რუსი ხალხის ნებას, მას არავინ ეკითხება ომის გაგრძელებას, რუსულ ლიდერშიფშიც, ალბათ, დაფიქრდებიან, სადამდე მიიყვანა კრემლის რეჟიმმა მათი უსაფრთხოება. მათი სპეცსამსახურები უფრო მეტად რეჟიმის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.

ტერორისტის იარლიყი თუ ვინმეს მიეკვრება (თავისთავად ცხადია, მსოფლიოში სხვა ტერორისტულ რეჟიმებთან ერთად), თავად კრემლის რეჟიმია. განსხვავება ის არის, რომ კრემლის რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმს მიმართავს, სახელმწიფოს პოლიტიკად ტერორიზმი აქვს გამოცხადებული. რუსეთთან მოლაპარაკება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი – თუკი მისი სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური ნება იმდენად დასუსტდება, რომ უარს იტყვის ბრძოლის გაგრძელებაზე და პირველ ნაბიჯად განიხილავენ ხანგრძლივი ვადით ცეცხლის შეწყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამხედრო მანქანა და ინფრასტრუქტურა უფრო გაძლიერდება, ის არათუ უკრაინაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩაატარებს მართლაც ტერორისტულ აქტებს. სწორედ ამიტომ უკრაინის ღონისძიებას ძალიან ნორმალურად უნდა შევხედოთ, ეს იყო წმინდა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, მეტიც, იმ საშუალებებზე,­ რომლებითაც რუსები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც.

იმის შიში, რომ რუსეთი ამის გამო მესამე მსოფლიო ომს ან ბირთვულ შეტევას წამოიწყებს, ზღაპარია. რუსული ბირთვული ქობინებისა და მათი ტრანსპორტირების საშუალებების მოწყვლადობა სწორედ ამ შეტევამ აჩვენა. წარმოიდგინეთ, რამდენად განუზომლად მეტი პოტენციალი აქვს დასავლურ დაზვერვას და სამხედრო ძალებს იმ შემთხვევისთვის, თუ კრემლის რეჟიმი შეეცდება ბირთვული იარაღის გამოყენების ავადმყოფური განზრახვის ასრულებას.

დასავლეთს შეუძლია უფრო გაამკაცროს სანქციები. ფლაგმანი მაინც აშშ იქნება. ფაქტია, დღეს, ერთი მხრივ, რუსეთი ვერ ახერხებს მნიშვნელოვან წინსვლას და ვერც უკრაინა სასწორის თავის სასარგებლოდ გადახრას, დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციას. ალბათ, ბოლომდე დეოკუპაცია არ არის მოსალოდნელი, თუმცა ნებისმიერი მნიშვნელოვანი მარცხი რუსეთს უფრო შეარყევს და იძულებულს გახდის, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები”,- განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები