ქეთევან ახობაძე: საქართველოში უცხოელი ტურისტების მხრიდან კულტურულ ტურიზმზე დიდი მოთხოვნაა
“იტალია, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, ემირატები, კორეა, იაპონია, ფილიპინები, გერმანია, ირანი, რუმინეთი, ინდოეთი, ტაილანდი – ივნისი-ივლისი სრულად დაჯავშნილია,” – ამის შესახებ ქართველი გიდი, ქეთევან ახობაძე არსებულ მოთხოვნაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, ივნისი-ივლისი უკვე სრული დაჯავშნილია და აგვისტოზეც აქტიურად შემოდის ჯავშნები, – სტუმრების და ზოგადად ტურისტების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია.
მისი განმარტებით, საქართველოში უცხოელი ტურისტების მხრიდან კულტურულ ტურიზმზე დიდი მოთხოვნაა.
„აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, მაისი სრული დატვირთვით ვიმუშავეთ, ივნისი-ივლისი უკვე სრულად დაჯავშნილია და აგვისტოშიც არის უკვე ჯავშნები. რეალურად ჯავშნების გაკეთება 3 კვირით ადრე ხდება და კიდევ ველოდებით აგვისტოში ტურებს. ძალიან მოთხოვნადად კულტურულ ტურიზმს გამოვყოფდი, თუმცა ყველა მიმართულება მოთხოვნადია. ამჟამად პილიგრიმულ ჯგუფს ვმასპინძლობ რუმინეთიდან, რელიგიური ტურია უფრო, მანამდე იტალიელების ჯგუფი მყავდა ღვინის და ზოგადი ტურიზმის მიმართულებით. მე ინგლისურენოვანი გიდი ვარ და შესაბამისად ვინც ინგლისურად საუბრობს პოტენციური სტუმარია.
ჩემი გამოცდილებიდან გამოვყოფდი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას, შვეიცარიელების ჯგუფი ჩამომდის ივნისის ბოლოს, ასევე ამერიკელების ჯგუფს ველოდები. საკმაოდ შერეულია აზია და ახლო აღმოსავლეთი, ისრაელიდან ძალიან ბევრ ტურისტს ვმასპინძლობ, ამ ქვეყნიდან კორპორატიული ჯგუფები სჭარბობს. კონკრეტულ პროდუქტს ასე ვერ გამოვყოფ, მაგრამ ზოგადი დაფარვა კულტურულ ტურიზმზე მოდის.
იტალია, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, ემირატები, კორეა, იაპონია, ფილიპინები, საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, რუსეთი, ირანი, რუმინეთი, ინდოეთი, ტაილანდი – მცხეთის ჯვარზე დღევანდელი ტურისტული სტატისტიკა და აბსოლუტური გაუმტარობა…”, – აცხადებს ქეთევან ახობაძე.