ლევან მახაშვილი: საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს – თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან აცილებას
„საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან აცილებას”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და იტალიის პარლამენტის ერთობლივ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, 2025 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსის თანახმად, საქართველო შეფასდა, როგორც ქვეყანა, რომელსაც ტერორიზმის გავლენის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშში საქართველო ასევე კვლავ დასახელებულია, როგორც სანდო და სტაბილური პარტნიორი გლობალურ ანტიტერორისტულ ძალისხმევაში.
სიტყვით გამოსვლისას, ლევან მახაშვილმა საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის სამი მიზეზი დაასახელა.
„პირველი, ყოვლისმომცველი და რელევანტური სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო. მეორე, ეფექტიანად მოქმედი და მაღალკვალიფიციური უსაფრთხოების ინსტიტუტები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მესამე, სოციალური ინტეგრაცია და არა სადამსჯელო ინსტრუმენტები, მათ შორის, ეკონომიკის გაძლიერება, საგანმანათლებლო და სათემო პროგრამები”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ტერორიზმი არ არის სტატიკური მოვლენა, ის მუდმივად იცვლება და ერგება ახალ განვითარებებს.
„ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები, ეროვნება, ენა, რელიგია, მაგრამ ის ყოველთვის ფესვებს იკიდებს მაშინ, როდესაც ვადუნებთ ყურადღებას და ვკარგავთ ერთიანობას”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა.
სიტყვით გამოსვლისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარტნიორ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
„საქართველო მზადაა გააგრძელოს და კიდევ უფრო გააღრმაოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, გაგიზიაროთ ჩვენი წარმატებული და ნაკლებად წარმატებული მაგალითები, მოვისმინოთ თქვენი გამოცდილებაც, რათა ერთობლივად შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც არ იქნება ადგილი ტერორიზმისთვის, ექსტრემიზმისა და რადიკალური იდეოლოგიებისთვის”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.