თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ხატია ჩანჩიბაძეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლავიწის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას პალატაში გააგრძელებს – ამის შესახებ „კვირას“ პაციენტის მეუღლემ ირაკლი ჭაღალიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ოპერაცია 80 წუთი გრძელდებოდა და, ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.„ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოპერაციის შემდეგ ჩემს მეუღლეს ვესაუბრე. ამჟამად პალატაშია გადმოყვანილი. ვვარაუდობ, რომ სხვა ოპერაცია აღარ დასჭირდება. მას დღემდე აწუხებს თავის ტკივილები, ამიტომ ტავზე ტომოგრაფიული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. რაც შეეხება სხეულზე სხვადასხვა სახის დაჟეჟილობას, დროთა განმავლობაში გაუვლის“, – ამბობს ირაკლი ჭაღალიძე.
14 ოქტომბერს, თურქეთის ტერიტორიაზე, ქემალფაშას ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიაანთის მცხოვრები მანანა აბრალავა-ანდღულაძე ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ამავე სოფელში მცხოვრები ხატია ჩანჩიბაძე -ჭაღალიძე სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, ბათუმის ქალაქის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. როგორც „კვირას“ ირაკლი ჭაღალიძემ განუცხადა, მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც ბათუმიდან თურქეთის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა, დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები