დავით ნარმანია EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათავო ოფისის წარმომადგენლებს ლინ ო გრედის და კატარინა ბიორლინ ჰანსენს, ასევე EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყება სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის და საცობების მართვის, ასევე მყარი ნარჩენების და გარე განათების მიმართულებით. ამ საკითხებთან დაკავშირებით EBRD-თან მუშაობის დასაწყებად, უახლოეს პერიოდში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რის შემდეგაც ბანკი თავის კონსულტანტს მოავლენს.
დავით ნარმანიას თქმით, ავტოტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მართვასთან დაკავშირებით ჩატარდება კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდება ფაქტობრივი მასალებით დადასტურებული ყველა ძირითადი პრობლემა. გარდა ამისა, კვლევის საფუძველზე დადგინდება, რამდენად ოპტიმალურად არის მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა განაწილებული.
თბილისის მერის განცხადებით, ჩატარდება ასევე მეტროპოლიტენსა და მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მდგომარეობის კვლევა, რის შემდეგაც, ბანკი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და გამოყოფს დაფინანსებას.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების მართვის სფეროს, დავით ნარმანიას თქმით, შეფასდება ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც დაინტერესებული ინვესტორი კომპანიებისთვის წინადადებები მომზადდება. გარდა ამისა, შეფასდება მოძველებული გარე განათების სისტემა, რომელიც სამომავლოდ თანამედროვე განათებით და სადენებით შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები