დავით მათიკაშვილი – ნამდვილად დადებითად შეგვიძლია, შევაფასოთ ის წერილი, რომელიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისგან მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავრობამ და ხალხმა

ნამდვილად დადებითად შეგვიძლია, შევაფასოთ ის წერილი, რომელიც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისგან მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავრობამ და ხალხმა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ურთიერთობის ნორმალიზების საფუძვლად პრეზიდენტ ტრამპის მისალოც წერილს.

„ასე შეგვიძლია, დავასათაუროთ და აღვნიშნოთ. ფაქტია, რომ ამ წერილმა ისედაც ზღვარს ქვემოთ დაშვებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად გაანადგურა. ამაზე მეტი აღარ არსებობს, სასაცილოები არიან თავის შეფასებებში, რასაც ამბობენ. მეორე ფაქტია ის, რომ წერილში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული აშშ-ის პრეზიდენტის მიდგომა და სურვილები საქართველოსთან მიმართებით, ქვეყნის მთავრობასთან მიმართებით. აქ არის საუბარი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ახალი ეკონომიკური არეალების გაჩენაზე, გაფართოებაზე და რაც ყველაზე მთავარია, არის გამოკვეთილად ნახსენები მშვიდობა, მშვიდობის თემატიკა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები