შალვა პაპუაშვილი: სამი წლის თავზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მელიას დაკავება იყო სწორი და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ცილს სწამებდნენ საქართველოს – ბოდიში მოიხადა რომელიმემ? ახლა ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს და იგივე ხდება
სამი წელი მელიას საქმის გამო ბრიტანეთიც, ნორვეგიაც, შვედეთიც და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყანაც რეპუტაციას ულახავდა ქართულ სახელმწიფოს. სტრასბურგის სასამართლომ აუფრიალა შემდეგ გადაწყვეტილება, რომ ისინი ცილს სწამებდნენ სახელმწიფოს და ნაცვლად იმისა, რომ აქედან დასკვნა გამოეტანათ, გამოვიდნენ ოთხი წლის თავზე და იდენტურ საქმეზე კვლავ ცილს სწამებენ ქართულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ამ კომენტარით შალვა პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას – „კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო პატიმრობით შეეცვალა ჯაფარიძეს, ანალოგიური მოლოდინის აქვთ მელიას, გვარამიას, ამ ფონზე კი კეთდება განცხადებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. როგორია თქვენი პოზიცია?“
„გვახსოვს, ნიკა მელიამ რომ თქვა, – არა, მე არ ვაღიარებ ამ სახელმწიფოს, არ ვიხდი გირაოს, ვერც დამიჭერთო და გამაგრდა „ნაციონალური მოძრაობის“ ალამუთში. დაკავების შემდეგ შოკში ჩავარდა ბრიტანეთის საელჩო, თქვა, რომ შოკირებული იყო ამ ყველაფრით, ამ შოკს მიჰყვა ნორვეგიის ელჩის ასევე შეშფოთება, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს ოპოზიციის ლიდერის ძალადობრივი დაკავება, არასასურველი ესკალაციაა“. მიჰყვა ევროკავშირის ელჩი და სხვა ელჩები. გავიდა 3 წელი და 2023 წლის სექტემბერში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დაკავება იყო სწორი და ბრიტანეთის ელჩი ცილს სწამებდა საქართველოს სახელმწიფოს, რომ ნორვეგიის ელჩი ცილს სწამებდა, ევროკავშირის და ყველა სხვა ელჩი ცილს სწამებდა და იტყუებოდნენ. ბოდიში მოიხადა რომელიმემ? ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს და იდენტური, ერთი ერთში იგივე მოხდა – გირაო იყო შეფარდებული, თქვა რომ არ ვაღიარებ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს, ამ სასამართლოს არაფერს – დააკავეს და ნაცვლად ბოდიშისა იგივე ბრიტანეთის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოხატა. ან არიან არაკომპეტენტურები, ან არიან მავნებლები, იმიტომ რომ სამი წელი მელიას საქმის გამო ბრიტანეთიც, ნორვეგიაც, შვედეთიც და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყანაც რეპუტაციას ულახავდა ქართულ სახელმწიფოს ქართულ მართლმსაჯულებას, ქართველ ხალხს. სასამართლომ აუფრიალა შემდეგ გადაწყვეტილება, რომ ისინი ცილს სწამებდნენ სახელმწიფოს და ნაცვლად იმისა, რომ აქედან დასკვნა გამოეტანათ, გამოვიდნენ ოთხი წლის თავზე და იდენტურ საქმეზე კვლავ ცილს სწამებენ ქართულ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, კიდევ საჯარო კითხვაა: აპირებს თუ არა ბრიტანეთის მოქმედი ელჩი ბოდიში მოიხადოს, რომ მისი სახელმწიფო ცილს სწამებდა საქართველოს სახელმწიფოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.