შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი სხვადასხვა წყაროებით აფინანსებს საქართველოში სიძულვილს, ძალადობას, პროპაგანდას, ამიტომ ევროკავშირის ბიუროკრატია, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს

ჩემი პასუხი არის ის, რომ ევროკავშირი უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს რაზედაც ის დაფუძნდა. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ მისი ბიუროკრატიის ნაწილი, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება აცდენილია ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ამ კომენტარით ის გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომ „უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ, ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება“.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია აცდენილია ევროპულ ღირებულებებს.

„ვხედავთ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას (რომელიც ევროკავშირში არის ახლა) როგორ შეაქვს საბჭოთა ელფერი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის ქმედებებში. ჩვენ ხომ ყველაფერს ღიად, საჯაროდ ვეკითხებით? მაგალითად, ევროკავშირის ელჩისთვის საჯაროდ ხომ ბევრჯერ მიმიმართავს, ავდექი და (იქნებ არ აწვდიან მედიიდან ამონაწერებს) წერილიც კი მივწერე ამასთან დაკავშირებით – თქვენი ფულით თავს ესხმიან ადამიანებს, მის ბავშვებს, დღისით, ღამით და გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას-მეთქი? ამაზე პასუხი – იცით რა ზოგადად დაძაბული სიტუაციაა… ეს არის დაცინვა და სინამდვილეში ეს არის ტაქტიკა, რომ გაექცნენ პასუხისმგებლობას და ნაცვლად იმისა, რომ გიპასუხონ, გაღმა შემოდავების პრინციპით გეუბნებიან, რომ უნდა დაუბრუნდე რაღაც წარმოსახვით გზას, რომლიდანაც ვინ გადაუხვია და ვინ არა, ეს კიდე ცალკე საკითხია, თუკი შევხედავთ ევროკავშირის ქმედებებს. ამიტომ, ევროკავშირის ბიუროკრატია, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს. ეს შეგვიძლია ვთქვათ ფაქტად, იმიტომ რომ ევროპული ღირებულება ნამდვილად არ არის ძალადობაში ფულის გადახდა. ყველანაირ ენციკლოპედიას ჩავხედე და ვერ ამოვიკითხე, რომ სიძულვილის წახალისება და დაფინანსება სიძულვილის არის ევროპული ღირებულება და დღეს, ევროკავშირი სხვადასხვა წყაროებით აფინანსებს საქართველოში სიძულვილს, ძალადობას, პროპაგანდას. ამის ფაქტები გავუგზავნე მე ევროკავშირის ელჩს და თუ უნდა, ფაქტებით მიპასუხოს, რომ ის, რაც მე გაუგზავნე არ არის ან სიძულვილი, ძალადობის წაქეზება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები