შალვა პაპუაშვილი – მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე: ეს თუ მათი გაგებით ევროპული ღირებულებაა, მაშინ ისინი საუკუნეებით უკან ყოფილან ქართულ ღირებულებებზე
ეს თუ მათი გაგებით ევროპული ღირებულებაა, მაშინ ისინი საუკუნეებით უკან ყოფილან ქართულ ღირებულებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„წარმოუდგენელია ასეთი რამ იკადრო, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა. ეს სამკუთხედი როცა ამბობს ხალხს, იქ გულისხმობს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველს. იქ „ქართული ოცნება“, მისი ამომრჩეველი, 1 120 000 ადამიანი წაშლილი ჰყავთ საერთოდ თანამედროვე ისტორიიდან.
როდესაც სახელმწიფოს მეთაურები თავის თავზე იღებენ სხვა ხალხის სახელით საუბარს, ეს არადემოკრატიულია. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუცია მანდატი გერმანიის კანცლერისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტისთვის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის. და ისინი გვესაუბრებიან ქართველი ხალხის სახელით. ეს დემოკრატია კი არა, მე-19 და მე-20 საუკუნის მიდგომებია. 21-ე საუკუნეში რანაირად ხდება ამ ყველაფრის ასე ურცხვად აფიშირება, ჩემთვის გასაკვირია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.
ამასთან, მაკრონი, მერცი და ტუსკი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.