ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხობს: ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული

„დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებაში ადასტურებს შეხვედრასთან დაკავშირებულ გამოთქმულ სურვილს და აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განმარტა და ის კვლავაც უცვლელია.

„ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე“- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები