„ვფიქრობ, საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ორმაგი სტანდარტი; ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები – ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში” – პაპუაშვილი
„ვფიქრობ, საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ორმაგი სტანდარტი. როგორც ჩანს, ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები. არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, „ბ“ , „ც“ და ა.შ. ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
“გახსოვთ, ამაზე ვიდეო შედარებაც გამოვაქვეყნე – როგორ ააფეთქეს ბერლინში მაშხალა შენობაში და ამის გამო ადამიანი დაიჭირეს და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა და ამაზე გვითხრეს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია. როდესაც თავად ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და ამბობს, რომ მის [თავდამსხმელის] მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს, მეორეს მხრივ, ადამიანზე, რომელმაც ვერბალურად შეაწუხა, გვეუბნება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მოხდეს.
ამ ისტორიის მთელი ცინიზმი ის არის, რომ თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ არ უნდა დაისაჯოს და ამ დროს თავად ელჩი რომ ვერბალურად შეაწუხეს, სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვს. აქ ხომ ჩანს მთელი ამ პროცესის ფარისევლობა?! სამართალდარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება სამართალდამცავი უწყებების ვალია, მე უბრალოდ მინდა დაგანახოთ რამდენად უტიფარია ის ფარისევლობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით ხოლმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.