კახიანი – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა მოლოცვითი განცხადება; მეორე დღეს ამერიკის საელჩოს მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება უცნაურია
„სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა ასეთი მოლოცვითი განცხადება, მოულოცა საქართველოს პრეზიდენტს და ზოგადად ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე. მეორე დღეს შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება უცნაურია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ, „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს.
“ბატონი ბიძინა რატომ არ შეხვდა ელჩს, თუ საჭირო გახდა, ამას თვითონ განმარტავს. მაგრამ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბათ ლოგიკურია, რომ ელჩს პირველ რიგში ან პრემიერთან, ან საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის სურვილი უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გარკვეულ კითხვებს აჩენს“, – ამბობს კახიანი.
აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.