რევაზ სოხაძე მშენებლობის ინსპექტირების კომპანიებს შეხვდა
მშენებლობის ინსპექტირების კომპანიების წარმომადგენლებს, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა, – ინფორმაციას, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრის მიზანი იყო საზედამხედველო კომპანიებისათვის სამინისტროში არსებული ხედვისა და სტრატეგიის გაცნობა. ასევე, კომპანიის წარმომადგენლებისგან სექტორში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათზე მსჯელობა.
მინისტრმა ისაუბრა, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების კიდევ უფრო ეფექტიანი კონტროლის უზრუნველსაყოფად, საზედამხედველო კომპანიების ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე.
„საზედამხედველო კომპანიებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე, იმისათვის, რომ გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდეს ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს პროცესებში. ჩვენთვის – სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროექტი განხორციელდეს ხარისხიანად და საზედამხედველო კომპანიების როლი ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საზედამხედველო კამპანიებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხო და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინსპექტირების კომპანიების როლზე, სტანდარტების დაცვის და პროფესიული კადრების მნიშვნელობაზე და ხარისხის კონტროლის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
რევაზ სოხაძემ დაადასტურა, რომ კომპანიებისგან მიღებული ყველა რეკომენდაცია განხილული იქნება სამინისტროს გუნდის მიერ და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ხარისხიანი მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.