ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი ასეთი კაცია – ვინც პირველი გავა კავშირზე, იმას მოემსახურება, ამ შემთხვევაში, პირდაპირ „დიფ სთეითს“ ემსახურება, სუსტი, დამყოლი კაცია და მარტივად მიჰყვება ინსტრუქციებს

ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა გასცა, რომ ის დაამარცხებდა „დიფ სთეითს“ და, შესაბამისად, აშშ-ს დაუბრუნებდა სუვერენიტეტს, ამას ველოდებით სრული მოთმინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ფასი აქვს მხოლოდ დამოუკიდებელ და სუვერენულ შეერთებულ შტატებს.

კითხვაზე, რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონის საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გზავნილს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის იღებს დავალებებს „დიფ სთეითისგან“ და მიჰყვება ინსტრუქციებს.

„ჯო უილსონი ასეთი კაცია – ვინც პირველი გავა კავშირზე, იმას მოემსახურება. ამ შემთხვევაში, პირდაპირ „დიფ სთეითს” ემსახურება, პირდაპირ იღებს დავალებებს, არის სუსტი კაცი, დამყოლი კაცი, ასე ვთქვათ და მარტივად მიჰყვება ინსტრუქციებს. ხანდახან, დღეში 6-7 ე.წ. პოსტი გაუვრცელებია „ფეისბუქზე“, იღებს დავალებას და ამ დავალებების მიხედვით მოქმედებს, ამიტომ მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ფასი, შეიძლება პაიკს ბევრად დიდი ფასი ჰქონდეს საჭადრაკო დაფაზე, ვიდრე აქვს მას. პაიკის ფასიც არ აქვს. საინტერესო არ არის ეს ადამიანი პიროვნულად. საინტერესოა ის ინიციატივები, რომლებსაც მისი სახელით აყენებს ხოლმე „დიფ სთეითი“. ბუნებრივია, კოორდინაციაშია ოპოზიციასთან. „დიფ სთეითი“ რაღაცას ავალებს ჯო უილსონს, შემდეგ ავალებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ახვედრებს ერთმანეთს, მარტივი კოორდინაციაა. ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც „დიფ სთეითს“ შეეხება ჩვენთვის არაფერს აქვს ფასი, ჩვენთვის ფასი აქვს დამოუკიდებელ, სუვერენულ აშშ-ს. ტრამპის ადმინისტრაციამ ასეთი პირობა გასცა, რომ ის დაამარცხებდა „დიფ სთეითს“ და შესაბამისად, აშშ-ს დაუბრუნებდა სუვერენიტეტს. ამას ველოდებით სრული მოთმინებით“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები