გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ ვამბობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მაშინდელი ელჩის მეშვეობით პირდაპირ ერეოდა საქართველოს საქმეებში, უილკერსონის მონაყოლი ამის დასტურია

“ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, აქაური ელჩის მეშვეობით, პირდაპირ მოქმედებდა ისე, რასაც ახლა ბატონი უილკერსონი საუბრობს. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო ეს ადამიანი,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მაჭარაშვილმა შეაფასა აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის და 2001-2005 წლებში სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ლოურენს უილკერსონის განცხადება: „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, ტელევიზიებს, ზოგადად, ვყიდულობდით კომუნიკატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებული ვიყავით“.

„მას ვერავინ ვერ დაადანაშაულებს, რომ ის რიგითი ამერიკელი ან რიგითი საჯარო მოხელე იყო, უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროცესებში. ის რასაც ახლა აღწერს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია პირდაპირ ერეოდა სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შიდა საქმეებში. მინდა, გავახსენო საზოგადოებას ჩვენი წერილები, სადაც საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია აქაური ელჩის მეშვეობით პირდაპირ ერეოდა საქართველოს საქმეებში, არა მარტო ერეოდა, არამედ პირდაპირ გვეუბნებოდა, რა კანონიც იქნებოდა საჭირო, ის უნდა მიგვეღო, რა კანონსაც გვეუბნებოდნენ, ის უნდა გაგვეუქმებინა და რასაც იტყოდნენ, ის უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ ეს არ იყო პარტნიორული ურთიერთობა, ეს იყო პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში და ერთგვარი ეგზარქოსის და მეფისნაცვლის ფუნქციებს ასრულებდა აშშ-ის მაშინდელი ელჩი. რითი განსხვავდება ახლა ბატონი უილკერსონის ეს მონაყოლი ჩვენი წერილებისგან? მხოლოდ და მხოლოდ დასტურია. წარმოიდგინეთ, პირდაპირ ეთერში საჯაროდ ადასტურებს ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები