საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთში სამოქალაქო უსაფრთხოების მრავალკომპონენტიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მრავალკომპონენტიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება ჩაატარა.
აღნიშნული ღონისძიება, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის „ტრანსსასაზღვრო რისკების შეფასება და სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსა და აზერბაიჯანში – SAILOR“ ფარგლებში განხორციელდა.
სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აზერბაიჯანელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, კახეთის რეგიონში, კერძოდ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში დაფიქსირდა ტყის ხანძარი. მაღალი ტემპერატურისა და ინტენსიური ქარის გამო ხანძარი აზერბაიჯანის საზღვარზეც გავრცელდა.
სიტუაციის ეფექტიანად მართვისთვის, შეიქმნა შტაბი, სადაც გამოწვეული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შედგა კრიზისის მართვის გეგმა. უწყებების კოორდინირებულად მუშაობის შედეგად, მოხდა მოსახლეობის უმოკლეს დროში ინფორმირება და ყველა შესაბამისი საევაკუაციო მოქმედებების განხორციელება. სწავლებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სწავლების ერთ-ერთი კომპონენტი, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული საკითხიც იყო.
ღონისძიებაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტ მეხანძრე-მაშველთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწავლებას, ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები.
სწავლების მიზანს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა, არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.