CNN: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას ამზადებს
მიუხედავად იმისა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, აშშ-ის ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებისთვის ემზადება,- ამის შესახებ ცნობა CNN-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა.
CNN-ის წყაროების მიხედვით, ირანზე იერიშების მიტანასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციაში უთანხმოება იყო. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა ისრაელის მთავრობაში საბოლოო გადაწყვეტილება.
ისრაელის საელჩომ ვაშინგტონში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ და ისრაელის სამხედრო ძალებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
“ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის მხრიდან იერიშის მიტანის ალბათობა. იერიში უფრო სავარაუდო იქნება, თუკი აშშ ირანთან იმგვარ შეთანხმებას დადებს, რომლითაც ირანის ბირთვული პროგრამის სრული განიარაღება არ მოხდება”,- განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ ანონიმურად.
მანამდე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს.