პაკისტანში სკოლის ავტობუსზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანის ბელუჯისტანის რეგიონში სკოლის ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 40 სკოლის მოსწავლე იმყოფებოდა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:40 საათზე აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი დაღუპულიდან სამი ბავშვია.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაკვიმ ინციდენტი დაგმო და ბარბაროსობა უწოდა.
ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ბელუჯისტანი დიდი ხანია, რაც ამბოხებასა და ადამიანის უფლებების დარღვევას განიცდის.
ქვეყნის სამხედროებმა აფეთქების ორგანიზებაში მეზობელი ინდოეთი და ბელუჯისტანში მისი მოკავშირეები დაადანაშაულეს.