იუსტიციის სამინისტრო ბრალდებულ ი.გ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ასაჯაროებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბრალდებულ ი.გ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ასაჯაროებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, საჯაროვდება მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებული კადრები, რომლის მიხედვით მის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ბრალდებულ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არსებული ვიდეომასალა  მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს.

ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის.

ვიდეო N1 – 2025 წლის 21 იანვარს 14:35 საათიდან 15:10 საათამდე პერიოდში ბრალდებული ი.გ. გაყვანილი ჰყავდათ აბანოში, საიდანაც უვნებლად ბრუნდება საკანში.

ვიდეო N2 – 2025 წლის 22 იანვარს 13:16 საათზე ბრალდებული ი.გ. გამოიყვანეს საკნიდან და რეკავს ტელეფონზე;

13:25 საათზე შედის ექიმის ოთახში (სადაც ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობს);

13:32 საათზე პატიმარი დააბრუნეს საკანში.

ვიდეო N3 – 2025 წლის 23 იანვარს 08:09 საათზე მომსახურე პატიმარმა მიაწოდა საკვები;

09:24 საათზე ჩატარდა საკნის დილის შემოწმება (საკნიდან არავინ გამოსულა) საკანში შევიდა თანამშრომელი, დაყო ერთ წუთამდე და გამოვიდა;

09:32 საათზე დარიგდა საკვები;

11:24 საათზე მომსახურე პატიმარმა საკნის კართან დადო მაღაზიის პარკი;

11:32 საათზე თანამშრომელმა შეაწოდა აღნიშნული პარკი (საკანში არ შესულა), კარიდან ესაუბრებოდა ერთ წუთამდე;

12:40 საათზე საკანთან მივიდა სოციალური დანაყოფის თანამშრომელი (არ შესულა), გაესაუბრა საამანათე დარაბიდან;

13:51 საათზე საკანთან მივიდა მომსახურე პატიმარი და ესაუბრებოდა საამანათე დარაბიდან;

14:03 საათზე დარიგდა საკვები;

14:25 საათზე თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში;

14:27 საათზე საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი;

14:51 საათზე პატიმარი ი.გ. საკაცით გაიყვანეს საკნიდან;

15:00 საათზე დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;

15:01 საათზე სასწრაფოს ექიმები შევიდნენ სამედიცინო ოთახში;

15:19 საათზე სასწრაფოს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან და 15:21 საათზე პატიმარი საკაცით მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში;

15:24 საათზე სასწრაფოს მანქანა გავიდა ე.წ. შლუზიდან.

15:58 საათზე ბრალდებული შეჰყავთ კლინიკა „ვივამედში“.

გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო. გამოძიების შედეგები საზოგადოებას ეცნობება. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის ი.გ-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები