ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ფესტივალი ,,ქართული” უკვე ტრადიციად იქცა და ქართულ დღეებს, ჩვენ ყოველი წლის გაზაფხულზე ვუმასპინძლებთ

“რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” დაჯილდოების ცერემონიალით, ზვიად ბოლქვაძის და ,,რანინელების” კონცერტით საზეიმოდ დაიხურა,”- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესიონალებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ, 10 ნომინაციაში გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოავლინა. წელს ფესტივალის მთავარი ჯილდოს – გრანპრის მფლობელი, რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჯავარი” გახდა.

გამარჯვებულები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს.

,,რუსთავის ფესტივალი ,,ქართული’ უკვე ტრადიციად იქცა და ქართულ დღეებს ჩვენ ყოველი წლის გაზაფხულზე ვუმასპინძლებთ. დასკვნითი ღონისძიება, ძალიან ემოციური იყო. ფესტივალს 3000-მდე მონაწილე და ამ დღეების განმავლობაში, ჩვენს ცენტრალურ პარკს, სადაც საფესტივალო სივრცე გვქონდა მოწყობილი, 60 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა. მინდა მივულოცო ქორეოგრაფებსა და ანსამბლებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სხვადასხვა ნომინაციებში გახდა გამარჯვებული, რაღა თქმა უნდა, ვულოცავ ,,ქართულის” გრანპრის მფლობელ – ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ჯავარს”. დარწმუნებული ვარ, რომ ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის ეს შემდგომშიც ძალიან დიდი მოტივაცია იქნება”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის პირზე მოწყობილი საფესტივალო სივრცე, ქართული ფოლკლორის მოყვარულებს 10 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. კონკურს-ფესტივალში წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 26-მა ანსამბლმა და 3000-მდე მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.

,,კონკურს-ფესტივალის ყველა გამარჯვებულსა და მონაწილეს ვულოცავ. მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ ჟიურის მიერ გამოვლენილი ქორეოგრაფიული ანსამბლები, არამედ თითოეული მონაწილეა დღეს გამარჯვებული. რუსთავში ფესტივალების ტრადიცია, რომ დამკვიდრდა, სწორედ ამის მაჩვენებელია წელს გამართული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული”, რომელმაც გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბურად ჩაიარა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ფესტივალს ჰყავდა 60 ათასამდე ვიზიტორი და 3000-მდე მონაწილე. ანსამბლების რაოდენობა წელს უკვე გაორმაგებული იყო, რაც ძალიან გვახარებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” 26 აპრილს, ანსამბლ ,,სალხინოსა” და ,,კახაბერის და ხანუმების” კონცერტით გაიხსნა. ამავე დღეს, რუსთავში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, ანსამბლ ,,სალხინოს” ვარსკვლავი გაიხსნა. საფესტივალო სივრცე, ყოველდღე სხვადასხვა სახის აქტივობით – ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით, კალიგრაფიის, კერამიკაზე მუშაობის, ხალიჩის ქსოვის მასტერკლასებითა და ქართული ეროვნული სამოსის შოურუმით იყო დატვირთული.

კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” 2024 წელს, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით დაარსდა და ცენტრალურ პარკში, ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება. ფესტივალს აქვს ექსკლუზიური ლოგო, რომლის მიხედვით დამზადებული გარდამავალი გრანპრი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა გამარჯვებულს. ექსკლუზიურია, ფესტივალისთვის შექმნილი მუსიკალური კომპოზიციაც.

2024 წელს, ქორეოგრაფიულ კონკურს-ფესტივალში, მონაწილეობა ქვემო ქართლის რეგიონის ანსამბლების 1500-მა მოცეკვავემ მიიღო. 2025 წლიდან, ,,ქართულის” მასშტაბი გაიზარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონი ჩაერთო. ქართული ქორეოგრაფიის ფესტივალი, რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები