გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიად შეაფასეს
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
როგორც დეპარტამენტის პრესრელიზშია ნათქვამი, პარტია სისტემატურად არღვევს ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპს.
უწყებამ, რომელიც გერმანიის კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი, განმარტა, რომ განცხადება ინტენსიური და ყოვლისმომცველი შემოწმების შემდეგ გაკეთდა.
როგორც მედია წერს, ეს სტატუსი ნიშნავს, რომ პარტია ოფიციალურად არაკონსტიტუციურად არის გამოცხადებული, რაც სადაზვერვო სამსახურებს მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, მათ შორის ფარული მოსმენებისა და ინფორმატორებთან მუშაობის საკითხებში.
გერმანიის დაზვერვამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ჯერ კიდევ 2021 წელს სავარაუდო ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.