ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებს გეგმავს
ტრამპის ადმინისტრაცია მშვიდად აწარმოებს კონსულტაციებს და ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის პოტენციურად განახლების ვარიანტებს განიხილავს,- ამის შესახებ Axios-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ჩრდილოეთ კორეამ საგანგაშო ბირთვული პროგრესი განიცადა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ორი წარუმატებელი სამიტი გამართეს. როგორც Axios-ი წერს, ტრამპმა ნათლად აჩვენა, რომ მას სურს ხელახლა დაუკავშირდეს კიმს – შესაძლოა პირისპირ. მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ამ სცენარისთვის ემზადება.
„ჩვენ სააგენტოებს ვიბარებთ, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რა ვითარებაა ახლა ჩრდილოეთ კორეაში. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ ვაფასებთ და თანამშრომლობის შესაძლო ვარიანტებს განვიხილავთ“, – აცხადებს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ანონიმურად.
ამერიკული მხარე ასევე განიხილავს იმას, თუ ვინ შეიძლება შევიდეს ჩრდილოეთ კორეასთან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობაში.