ვახტანგ ძაბირაძე: რუსეთის გააქტიურება და გაორმაგებული აგრესიულობა, ჩემი აზრით, გამოწვეულია ტრამპის არასწორი შეფასებებითა და მიდგომებით
“რუსეთის ასეთი გააქტიურება და გაორმაგებული აგრესია, ჩემი აზრით, გამოწვეულია სწორედ ტრამპის არასწორი შეფასებებითა და მიდგომებით”,- ასე პასუხობს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში კითხვას – “ტრამპი ძალიან ხშირად იცვლის აზრს, ხან უკრაინას ყირიმის დათმობას სთხოვს, ხან რუსეთისთვის ახალ სანქციებზე ლაპარაკობს… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად გაურკვეველია, რა ტიპის სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს. ამასობაში რუსეთი კიდევ უფრო სასტიკად იქცევა, გასულ კვირას კიდევ ერთხელ სასტიკად დაბომბა კიევი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში”.
ექსპერტის შეფასებით, ტრამპის განცხადებები რუსეთს უფრო ათავხედებს.
“რუსეთის ასეთი გააქტიურება და გაორმაგებული აგრესიულობა, ჩემი აზრით, გამოწვეულია სწორედ ტრამპის არასწორი შეფასებებითა და მიდგომებით, იმით, რომ ის უმეტესად ზელენსკის აკრიტიკებს და არა პუტინს. ამასთანავე, ტრამპი ყირიმზე რასაც ამბობს და თუ უკრაინაც ტერიტორიების დათმობაზე დათანხმდება, ტრამპის შუამავლობა ვის რაღაში სჭირდებოდა? უამისოდაც შეიძლებოდა გაემართა უკრაინას მოლაპარაკება და შეთანხმებისთვის მიეღწია.
თან გაითვალისწინეთ, რომ რუსეთი ტრამპის პირობებზეც კი არ არის თანახმა, უფრო მეტი უნდა, ვიდრე ტრამპი სთავაზობს. მისი განცხადებები რუსეთს უფრო ათავხედებს. უკრაინა ასეთ დათმობაზე ვერ წავა და არ დათანხმდება ევროპაც, რომელიც მშვენივრად ხედავს, რომ თუ რუსეთმა მიაღწია მიზანს უკრაინაში, ის არ გაჩერდება და ხვალ-ზეგ ახალ ომს დაიწყებს იმავე უკრაინის მიმართულებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არა მგონია, ასე ახლოს იყოს ტრამპი მშვიდობის მიღწევასთან, როგორც ამბობს. შესაძლოა ორივე მხარემ ტრამპს გაუწიოს ანგარიში და მართლაც გაიმართოს უმაღლეს დონეზე შეხვედრა, მაგრამ ეს არ იქნება ის შეხვედრა, რომელიც შეთანხმებით დასრულდება. სიმართლე გითხრათ, ამგვარი შეხვედრაც ძალზე რთული მისაღწევი იქნება. ტრამპი ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ დღეს თუ არა, ხვალ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, მაგრამ, ჩემი აზრით, შეთანხმება კარგა ხანს კიდევ ვერ მიიღწევა. ამ მიმართულებით წლის ბოლოსთვის თუ რაღაც გამოიკვეთა, ისიც კი წარმატება იქნება. ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს რუსეთი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელს მოაწერს შეთანხმებას, ის სანდო არ არის. საფრთხე იმისა, რომ დაარღვევს შეთანხმებას, მუდმივად იქნება – ასეთია რუსეთი… და ეს საქართველომ არაერთხელ იწვნია. ამიტომაც, სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, უახლოეს მომავალში არ ველოდები”, – განაცხადა ძაბირაძემ.