ლევან იზორია: გიორხელიძის გათავისუფლების ოპერაციას უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც იზორიამ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” ჩართვისას, თემის კომენტირებისას განაცხადა, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს, რომელიც ძალოვანმა უწყებამ ჩაატარა, უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობდა. იზორიას თქმით, ბრალდებულთა დაკავება პოლიციელების პროფესიონალიზმის შედეგად, უმოკლეს დროში მოხერხდა.
„9 ოქტომბერს გიორხელიძის მამამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულად კრიმინალურ პოლიციას და ამ განცხადების საფუძველზე დავიწყეთ გამოძიება. ჩავატარეთ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები, უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, მას ჰქონდა პირადი კონტაქტი მამასთანაც. მინისტრმა დახმარება აღუთქვა, რომ უმოკლეს დროში მოხდებოდა ბრალდებულთა გამოვლენა. პოლიციელბის პროფესიონალიზმის შედეგად, უმოკლეს დროში, სამ დღეში მოხდა ბრალდებულთა დადგენა და დაკავებაც.
სამძებრო მოქმედებების განხორციელების ფარგლებში დადგინდა კონკრეტული ბრალდებული პირების ვინაობა. როგორც კი მათი ვინაობის დადგენა მოხდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ვახორციელებდით ინტენსიურ თვალთვალს და მოხდა მათი დაკავება 13 ოქტომბერს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად რეალური იყო ამ ოპერაციის დროს გატაცებულის ლიკვიდაციის საფრთხე, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მომხდარიყო საფრთხეების მინიმიზება.
„ეს ისეთი დანაშაულის ტიპია სადაც ყოველთვის არსებობს გატაცებულის ლიკვიდაციის საფრთხე, მით უფრო, როდესაც ჯგუფის მიერ, ორგანიზებულად ხორციელდება და როდესაც ანგარებაა მიზანი. თუმცა როდესაც ჩვენ ამ ღონისძიებას ვახორციელებდით, ვითვალისწინებდით ამ საფრთხეს და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ მომხდარიყო საფრთხის მინიმიზება. როგორც კი გაჩნდა საფუძველი იმისა, რომ იქნებოდა გატაცებულის სიცოცხლე ძალიან დაცული და სიცოცხლის ხელყოფის მინიმალური პირობები იქნებოდა, მინისტრის ხელმძღვანელობით გადაწყდა რომ მომხდარიყო ოპერაციის განხორციელება“, – განაცხადა იზორიამ.