უსაფრთხო ქინძისთავი — ვალის დაფარვის მცდელობა, რომელიც გენიალურ აღმოჩენად იქცა
დღეს უსაფრთხო ქინძისთავი ჩვენს ყოველდღიურობაში, თითქმის, შეუმჩნეველი ნივთია, თუმცა მის უკან დგას ერთდროულად პრაქტიკული, შემთხვევითი და ადამიანური ისტორია — ვალის დაფარვის მცდელობა, რომელიც გენიალურ აღმოჩენად იქცა.
1849 წელს ამერიკელი მექანიკოსი და გამომგონებელი უოლტერ ჰანტი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას დაუგროვდა, დაახლოებით, 15 დოლარი ვალი, რაც იმ დროისათვის არც ისე მცირე თანხა იყო. ვალის დასაფარად ჰანტი ცდილობდა, რაიმე მცირე გამოგონება შეექმნა, რომელიც საკმარის მოგებას მოუტანდა.
ჰანტმა აიღო მავთული და მისი მოღუნვა დაიწყო. სულ რაღაც სამ საათში მან შექმნა პატარა მოწყობილობა, რომელსაც ერთი ბოლო წვეტიანი ჰქონდა, მეორე კი, მჭიდროდ დახურული და უსაფრთხოდ ჩაკეტილი. ეს გახლდათ პირველი უსაფრთხო სამაგრი, რომელიც დღესაც, თითქმის, იმავე დიზაინით გამოიყენება.
ჰანტის გამოგონების მთავარი პლუსი იყო არა მხოლოდ მისი სიმარტივე, არამედ უსაფრთხოება — წვეტიანი ბოლო მყარად იკეტებოდა და გამორიცხავდა შემთხვევით ჩხვლეტასაც კი, რაც იმ დროისთვის, ჩვეულებრივი სამაგრების შემთხვევაში, ხშირი პრობლემა იყო.
ჰანტმა მიიღო პატენტი ამ გამოგონებაზე 1849 წლის 10 აპრილს, თუმცა ფინანსური საჭიროების გამო, მან ეს პატენტი სულ რაღაც 400 დოლარად მიჰყიდა კომპანია Spencer, Clark & Co-ს.
მალევე ეს კომპანია მასობრივად აწარმოებდა უსაფრთხო სამაგრებს და ყიდდა როგორც საოჯახო მოხმარებისთვის, ასევე სამედიცინო და სამხედრო მიზნებისთვის. ჰანტმა ამ გამოგონებიდან დიდი ფინანსური სარგებელი ვერ მიიღო.
უსაფრთხო ქინძისთავი სწრაფად გავრცელდა მთელ ამერიკაში, შემდეგ კი, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ის გახდა ყოველდღიური ცხოვრებისა და სამკერვალო პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია და დიზაინი დროთა განმავლობაში იცვლება, ჰანტის 3 საათში მოფიქრებული გენიალური იდეა დღემდე, თითქმის, უცვლელად გამოიყენებაა.