საია – სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფომ პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მათი საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფომ პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საია აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლებასთან და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რათა გადაწყვეტილება ეფექტურად დაინერგოს ეროვნულ დონეზე ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დასაცავად.
“ევროპული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში “ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ” (საჩივარი N67813/11), გიორგი ძებნიაურს არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო მკურნალობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. დანაშაულის გამო ექიმების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბერს მიმართა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევის დადგენა მოითხოვა. მომჩივანი, გარდაცვლილის დედა, ქ-ნ ჟანა ძებნიაური, აცხადებდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შპს სამკურნალო კომბინატის სათანადო და უსაფრთხო ფუნქციონირება, რის შედეგადაც 2005 წლის 9 აპრილს, ნაღვლის ბუშტზე ჩატარებული ოპერაციისა და პოსტ-ოპერაციულ პერიოდში არასათანადო მკურნალობის შედეგად, გიორგი ძებნიაური გარდაიცვალა. პაციენტის მკურნალობაზე პასუხისმგებელი ექიმების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით (სიცოცლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყო, თუმცა, გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურების და მასში არსებული ხარვეზების გამო, ექიმებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ. 2013 წლის 4 ივნისს ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს საჩივრის თაობაზე აცნობა და ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში პოზიტიური ვალდებულების შესრულების შესახებ ახსნა-განმარტების წარდგენა მოსთხოვა. სახელმწიფომ მომჩივანს მეგობრული მორიგების პირობები, ხოლო შემდგომ ცალმხრივი დეკლარაცია წარუდგინა: სახელმწიფომ აღიარა შპს სამედიცინო კომბინატის ფუნქციონირების ხარვეზები და გიორგი ძებნიაურის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გამოძიების ნაკლოვანებები, რამაც სახელმწიფოს მე-2 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების დარღვევა გამოიწვია. სახელმწიფომ მომჩივანს მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 7000 ევროს გადახდა შესთავაზა.
მომჩივანმა მიიღო სახელმწიფოს მიერ მე-2 მუხლის დარღვევის აღიარება, მაგრამ ზიანის ფულადი თანხით ანაზღაურებაზე პრინციპული უარი განაცხადა. ვინაიდან ექიმების პასუხისმგებლობის დასაყენებლად ხანდაზმულობის ვადა გასულია, მომჩივანი დაეყრდნობა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა ეროვნულ დონეზე გიორგი ძებნიაურის სიცოცხლის მოსპობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი გამომძიებლებისა და პროკურორების ბრალეულობა დადგინდეს.
ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ასახავს ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დარღვევის სისტემურ პრობლემას – სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდებას, ხოლო პაციენტის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთათვის (სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც), სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არაეფექტურად ფუნქციონირებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.