ნეთანიაჰუ: ირანთან ბირთვული შეთანხმება უნდა მოიცავდეს ბირთვული ობიექტების სრულ განადგურებას აშშ-ის მეთვალყურეობის ქვეშ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანთან პოტენციური ბირთვული შეთანხმება უნდა მოიცავდეს თეირანის ბირთვული ობიექტების სრულ განადგურებას აშშ-ის მეთვალყურეობის ქვეშ.
მისივე თქმით, ისლამურ რესპუბლიკას არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მიეცეს. ეს შეიძლება მიღწეული იყოს შეთანხმებით – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ლიბიის ტიპის შეთანხმება; სადაც ობიექტებში შევლენ, დაშლიან და გაანადგურებენ ამერიკული ზედამხედველობისა და აღსრულების ქვეშ – ეს კარგია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „მეორე ვარიანტი არის ის, რომ ეს საერთოდ არ მოხდება და ისინი უბრალოდ გააჭიანურებენ მოლაპარაკებებს“.
„ამ შემთხვევაში, სამხედრო ვარიანტია. ეს ყველას ესმის. ჩვენ ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ომანში შედგება.