“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შევამჩნიეთ გუშინ დილით, ერთ-ერთი მონიტორინგისას, მოხდა გზის ნაწილობრივ შეზღუდვა, რამაც საფრთხე აგვარიდა თავიდან” – ირაკლი ბენდელიანი

“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ გუშინ შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე იყო კონკრეტული ბზარები. დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება და კონკრეტულად ამ ადგილას მუნიციპალიტეტმა მოახდინა გზის ნაწილობრივ შეზღუდვა, რამაც, ფაქტობრივად, საფრთხე აგვარიდა თავიდან”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მდგომარეობა შედარებით გართულდა.

“კონკრეტულად ამ ადგილზე მოხდა მიწის გარკვეული მასის ჩაშლა. პირველადი მონაცემებით, მდინარე მტკვარმა საყრდენ კედელს გამოურეცხა ძირი, რამაც გამოიწვია გზის ჩავარდნა. მერიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებული ვართ. 24-საათიან რეჟიმში დავიწყეთ სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს აღდგენა. როგორც გითხარით, მერიის ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში იქნება ჩართული, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს სამუშაოების დასრულება და ზიანის აღმოფხვრა. გუშინ, დღის განმავლობაში, როგორც კი შევამჩნიეთ ბზარები, დავიწყეთ მონიტორინგი. პარალელურად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე დავიწყეთ საფრთხის შემცველი ადგილის შეზღუდვა, როგორც საფეხმავლო, ასევე სამანქანო გადაადგილების ზოლის. კიდევ ერთხელ ვამბობ, გუშინ ჩატარებულმა საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო, საფრთხე აგვარიდა თავიდან. თქვენც ხედავთ, რომ ამ მონაკვეთზე არავინ გადაადგილდებოდა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმვა, დაგეგმარების პროცესში ვართ, რათა რაც შეიძლება მალე, უახლოეს საათებში დავიწყოთ აღდგენითი სამუშაოები. მუდმივად ვახორციელებთ ხოლმე მონიტორინგს და ერთ-ერთი მონიტორინგის დროს, ანუ გუშინ დილით, როგორც კი გაჩნდა ბზარები, მონიტორინგის დროს გამოვავლინეთ ეს ყველაფერი და ის ღონისძიებები ჩავატარეთ, რაც გითხარით. ეს არის შემოწმების შედეგად გამოვლენილი.

გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულებებს გავაცალმხრივებთ. ანუ ორივე მიმართულებით იქნება შესაძლებელი გადაადგილება ორ-ორ ზოლში“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები