ირანი და აშშ შაბათს ომანში შეხვედრას გამართავენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ შაბათს მისი ხელმძღვანელობით ირანული დელეგაცია ომანში, ამერიკულ მხარესთან გამართავს არაპირდაპირ მოლაპარაკებას.

მისი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან “ძალიან მაღალი დონის” მოლაპარაკებებშია ჩართული თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები ირანის ინტერესებშია.

არაღჩიმ აღნიშნა, რომ ახლა ბურთი აშშ-ს მხარეზეა.
„ეს ისეთივე შესაძლებლობაა, როგორც გამოცდა. ბურთი ამერიკის მოედანზეა“, – ამბობს ირანის მთავარი დიპლომატი.

აღსანიშნავია, რომ ადრე ირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამორიცხავდა, მაგრამ კარი ღია იყო არაპირდაპირი დისკუსიებისთვის შუამავლის მეშვეობით.

“ახლა ჩვენ უშუალოდ მათთან გვაქვს საქმე. შესაძლოა, შეთანხმება დაიდოს და ეს მშვენიერი იქნება. ეს მართლაც შესანიშნავი იქნება ირანისთვის,” – დასძინა ტრამპმა.

თავის მხრივ, მოლაპარაკებებში ამერიკულ მხარეს, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები