დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფერმერებთან შეხვედრაზე ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ზემო მაჩხაანსა და დედოფლისწყაროში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების მნიშვნელობა, მათი ეკოლოგიური და ეკონომიკური სარგებელი და მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

“ფერმერებმა ყურადღება გაამახვილეს საკუთარ გამოცდილებაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქარსაფრების განადგურებამ მათ მეურნეობებში წარმოშვა. კლიმატის ცვლილების პირობებში, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისთვის და მოსავლის გაზრდისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფარი ზოლების აღდგენა/რეაბილიტაცია, გაშენება, მათი შემდგომი მოვლა-პატრონობა და დაცვა. აღინიშნა, რომ ქარსაფარი ზოლების გაჩეხვით გამოწვეულმა ნიადაგის მნიშვნელოვანმა ეროზიამ შემდგომში უარყოფითად იმოქმედა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე. ამ ეტაპზე უკანონო ჭრა ნაკლებ ინტენსიურია, ვიდრე გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ კვლავაც რჩება საფრთხედ, ისევე როგორც ქარსაფარ ზოლებში პირუტყვის უკონტროლო ძოვება და მინდვრების გადაწვის მავნე პრაქტიკა, რაც ხანძრის გაჩენისა და ქარსაფრების განადგურების რისკებს ქმნის. შეხვედრაზე „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის“ დეტალებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროგრამაში გარკვეული ცვლილებების შევიდეს, რაც მას მეტად მოქნილს გახდის. აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროში ამ ეტაპისთვის რეგისტრირებულია 1,306.12 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი, რომლის დაახლოებით 80% განადგურებულია. ქარსაფარი ზოლის გაშენება ხდება დასაცავი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ტერიტორიების დაახლოებით 2%-ზე. ამ პროპორციით 1,306.12 ჰა აღდგენილი ქარსაფარი ზოლი დაიცავდა 65,306 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები