“ყოველ სასესიო კვირას იქნება ინტერპელაცია, რაც შესაძლებლობას მისცემს პარლამენტის წევრებს, ფრაქციებს, დაიბარონ მინისტრი, ან სხვა ანგარიშვალდებული პირი უწყებიდან და გვქონდეს ცოცხალი საპარლამენტო დებატები” – პაპუაშვილი
“ბოლო 2 წელია, მიდიოდა მუშაობა ახალ რეგლამენტზე. საპროცედურო კომიტეტთან და პარლამენტის აპარატთან ერთად მე პირადად ვხელმძღვანელობდი ამ სამუშაოს და გვაქვს ახლა პროექტი, რომელშიც არის მნიშვნელოვანი სიახლეები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი.
„ყოველ სასესიო კვირას იქნება ინტერპელაცია, რაც შესაძლებლობას მისცემს პარლამენტის წევრებს, ფრაქციებს, რომ ყოველ სასესიო კვირას (თუკი არსებობს აქტუალური საკითხები რაც საინტერესოა) დაიბარონ მინისტრი, ან სხვა ანგარიშვალდებული პირი უწყებიდან და გვქონდეს ცოცხალი საპარლამენტო დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ინსტრუმენტის ყოველკვირეულ განრიგში ჩასმამ აზრი დაუკარგა მინისტრის საათს როგორც ინსტრუმენტს, ვინაიდან გაწერილი იყო მთელი წლის განმავლობაში, მოდიოდა ამა თუ იმ სამინისტროს წარმომადგენელი მინისტრი, ვთქვათ სექტემბერში წინა წლის ანგარიშით და რა თქმა უნდა ამ მხრივ მოძველებული იყო მოსასმენად, ამიტომ აქტუალობასთან შეიძლება კავშირში არ ყოფილიყო იმ მომენტში მინისტრის საათი. ახლა ეს [პროექტი] შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ საკითხზე ყოველ სასესიო კვირას მოწვეული იყოს შესაბამისი პირი.
ასევე დროებით კომისიების ინსტიტუტის გაცოცხლება იგეგმება, რაც არის კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რაც რეალურად არ გამოიყენება საპარლამენტო ცხოვრებაში და ნაცვლად ამისა შემოღებული იყო მუდმივმოქმედი საბჭოები, თემატური მოკვლევა, სხვა ინსტიტუტები, რომელიც უცხო იყო ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ამიტომაც, ის რაც ჩვენს კონსტიტუციაშია, ამუშავდება რეალურად და გვექნება უფრო დინამიკური საპარლამენტო ცხოვრება. ზოგადად ტექსტს რაც შეეხება, 90%-ზე მეტი იგივე ტექსტია, სტრუქტურა არის შეცვლილი. ბევრი პროცედურა იგივე რჩება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.