ბოლნისში ახალრეაბილიტირებული N3 საჯარო სკოლა გაიხსნა – 210 მოსწავლე სწავლას სრულად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში გააგრძელებს
ბოლნისში ახალრეაბილიტირებული N3 საჯარო სკოლა გაიხსნა, 210 მოსწავლე სწავლას სრულად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“მე-3 საჯარო სკოლის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ლევან მუშკუდიანი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანაძე ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილია კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემებით.
ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა”,- წერია ინფორმაციაში.