ტერორისტი ბრეივიკი ტელესერიალის გმირი გახდება
ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის მიერ ორგანიზებული ტერაქტის შესახებ დრამატულ სერიალს გადაიღებენ. უცხოური პრესის ინფორმაციით, სცენარისტების ჯგუფში გამოცემა Aftenposten-ის ჟურნალისტები შევლენ, რომლებიც ტრაგედიის შედეგებს და გამოძიების მიმდინარეობას აქტიურად აშუქებდნენ. პროექტის ავტორების თქმით, ანდერს ბრეივიკი სერიალის ცენტრალური პერსონაჟი არ იქნება. ფილმის გადაღებები ამ წლის ბოლომდე დაიწყება.
„ჩვენი პროექტის მთავარი იდეა – მოვყვეთ არა ბრეივიკზე, არამედ იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ ნორვეგიელებს ტერაქტებზე. ამ საშინელი მოვლენების ასახვით ჩვენი ქვეყნის პორტრეტის შექმნას შევეცდებით“, – განაცხადა სერიალის რეჟისორმა პოლ სლეტაუნემ.
სერიალის მოქმედება საავადმყოფოებში, რედაქციებში, ქალაქის ქუჩებში და პოლიციაში განვითარდება. სერიალის ავტორების კარგი განზრახვების მიუხედავად, ამ პროექტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
„ჩემი აზრით, 22 ივლისის მოვლენები ისედაც საკმაოდ დრამატული იყო. რატომ უნდა გავაღვივოთ ეს დრამატიზმი?“ – აცხადებს 22ივლისის მსხვერპლთა მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი ტრუნდ ხენრი ბლათმანი.
შეგახსენებთ, რომ ოსლოს სამთავრობო კვარტალში ბრეივიკის მიერ ორგანიზებულმა აფეთქებებმა 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ უტოიას კუნძულზე ტერორისტმა 69 ახალგაზრდა ნორვეგიელი ჩაცხრილა. დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთის 21 წელი მიუსაჯეს.