მამუკა მდინარაძე: რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებულია ეკონომიკური გეგმები, მეტია პარტნიორი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დომინანტები არიან, ბუნებრივია, მათთან ურთიერთობა სარგებლის მეტს ქვეყანას არაფერს მოუტანს

რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებულია ეკონომიკური გეგმები, მეტია პარტნიორი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დომინანტები არიან მსოფლიო ბაზარზე – მხედველობაში მაქვს ძლიერი ეკონომიკები, ბუნებრივია, მათთან ურთიერთობა სარგებლის მეტს ქვეყანას არაფერს მოუტანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომელიც ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტს ეხებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის სახელმწიფოებრივი მენეჯმენტის სათავეში არის ეროვნული ინტერესი.

„ერთი მხრივ, როდესაც ეს მორალურ, პოლიტიკურ მხარეს ეხება შენი მამული, ენა, სარწმუნოება, იდენტობა, კულტურა, დემოგრაფია – ეს ყველაფერი როგორ გადაარჩინო, განამტკიცო, განავითარო, მეორე მხრივ კი ეკონომიკა, თუ როგორ იცხოვროს შენი ქვეყნის მოქალაქემ უკეთ. აი, ამ ორი მთავარი ინტერესიდან უნდა გამოვიდეთ – ჯანსაღი ცხოვრების წესის პირობებში, უკეთესი ეკონომიკური ცხოვრების პირობებში და მათ შორის, შენი იდენტობა როგორ შეინარჩუნო მაქსიმალურად. თუ ამ საერთო, სწორი მიზნიდან გამოხვალ, მერე ამის გადაჭრის გზებზეც უფრო ნათელი და სწორი წარმოდგენა შეგექმნება.

ვიღაცამ ვინმეს კი არ უნდა მოატყუებინოს და გააგიჟებინოს თავი, რომ თითქოს, რაღაც გმირების საკითხი აწუხებს. ეს ყველაფერი არის პიარის ნაწილი, როდესაც ომის, საკუთარ ჯარზე ომის დამბრალებელი ეფარება ანწუხელიძის სახელს. აი, ამ პიარკამპანიამ, მდაბიოობამ და უტიფრობამ შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოს და უნდა გამოხვიდე, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებს აქედან.

თუ ადამიანი ზრუნავს, რომ შენმა ქვეყანამ მშვიდობით გაიაროს ბეწვის ხიდზე, ამას თუ აკეთებს შენი ქვეყნის ხელისუფალი, თუ ამ უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, შენი ქვეყნის ეკონომიკა ევროპაში პირველ ადგილზეა და თუ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს – პოლიტიკურს, მორალურს, ეროვნულს პირველ ადგილზე აყენებს და გადარჩენისთვის იმავე ბეწვის ხიდზე გაიარა ისე სწორად, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია ამ ტურბულენტობის პერიოდში ამ ქვეყანაში, მაშინ უნდა მიხვდე ბოლო-ბოლო, რომ ეს ხალხი იქცევა სწორად და ის, ვინც საპირისპიროს ცდილობდა, ის ხალხი არ არის შენი მოყვასი – შენი მოყვარე, შენიანი, შენი ქვეყნის საქმეს არ აკეთებს. სხვის საქმეს აკეთებს, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა. იქნება ეს ჩრდილოელი მეზობელი და ოკუპანტი, დასავლელი, აღმოსავლეთელი, თუ სამხრეთელი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სხვას ყველას აქვს თავისი ინტერესი. ბევრ შემთხვევაში, არ შეიძლება შენი ინტერესი, სხვათა ინტერესს ემთხვეოდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები