ბაჩო ახალაიას მორიგი სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს ჩაინიშნა
ნავთლუღის სპეც-ოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას მორიგი სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს ჩაინიშნა. როგორც დღევანდელ პროცესზე გაირკვა, მოსამართლე 4 დღის შემდეგ იმსჯელებს განაჩენის გამოტანაზე.
სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით დღეს უკვე წარსდგა დაცვის მხარე, 17 ოქტომბერს კი დასკვნით სიტყვას ბრალდება იტყვის.
დღევანდელი სხდომის შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატმა რომეო საჯაიამ პროკურორის გამოსვლას “ასავალ-დასავალის სტატია” უწოდა და აღნიშნა რომ ბრალდება მუდმივად ცდილობს პოლიტიკური ნიშნით შექმნილი დოკუმენტით მოახდინოს საზოგადოებაზე ზეგავლენა, რომ თითქოს რაღაც დანაშაულს ქონდა ადგილი.
პროკურორ ნინო აღლემაშვილის მტკიცებით სასამართლოზე კიდევ ერთხელ წარადგინეს გარემოებები „მტკიცებულებებითა და არგუმენტების თანხლებით, რომელიც ნამდვილად იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. ჩვენ მხოლოდდამხოლოდ ამ განაჩენს ველით, ყველა ბრალდებულის მიმართ“, – აცხადებს ნინო აღლემაშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის ნავთლუღის სპეცოპერაცია წინასწარ იყო დადგმული. ბრალდება ბაჩო ახალაიას ამ საქმეზე, გაქცევის ორგანიზების აღიარების მიზნით, პატიმრებზე ფიზიკურ ზეწოლას ედავება. ბრალი აქვთ ასევე წარდგენილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრამენტის თანამშრომლებს, გიორგი მაზმიშივილსა და ლევან ქარდავას. მათ გამოძიება სპეც-ოპერაციის დროს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.