ქუთაისის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით გაიზარდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი, 41 082 400 ლარით გაიზარდა და 178 328 300 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცვლილება ბიუჯეტში საკრებულოს რიგით 41-ე სხდომაზე იქნა დამტკიცებული. სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები.
ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქუთაისისთვის დამატებითი ტრანშის გამოყოფის შედეგად.
აღნიშნული თანხიდან, 40 მილიონამდე ლარი მოხმარდება ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას – გზების და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებას, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და სახურავების განახლებას, რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობას, სპეციალური ტექნიკის და ნაგავ შემკრებების შეძენას, 1 მილიონი ლარით კი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაფინანსდება.
სხდომაზე ცვლილება შევიდა ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის შესახებ #182 განკარგულებაში, რაც ქალაქის ზონებად კლასიფიკაციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.