სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში წევრობის კანონპროექტი დაამტკიცა
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ, მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირში ქვეყნის წევრობის პროცესის დაწყების შესახებ,- ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. საპარლამენტო ოპოზიციამ კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და კანონპროექტს „დაცინვა“ უწოდა.
როგორც საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, არტაკ ზეინალიანმა განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში, ცალსახა და მკაფიო სიგნალები გაჟღერდა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქისა და ინსტიტუტის ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების დონეზე ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების მხარდასაჭერად.
„სომხეთი, რომლის მიზანია განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, გააუმჯობესოს საზოგადოების კეთილდღეობა, გააძლიეროს ქვეყნის უსაფრთხოება, მდგრადობა და კანონის უზენაესობა, აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას“, – აღნიშნა ზეინალიანმა.
ევროინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა არმან ეგოიანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს დებულება ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. ეს კანონპროექტი უბრალოდ გამოხატავს სომეხი ხალხის ნებას.