თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი აპირებს ჩაერთოს მთავარ სტრატეგიულ მოლაპარაკებებში თავის ამერიკელ კოლეგასთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიისავე ცნობით, ეს იქნება ანკარადან – ვაშინგტონში მისი პირველი მოგზაურობა, ტრამპის ადმინისტრაციის თანამდებობის დაკავების შემდეგ.
თურქული დიპლომატიური წყაროების ცნობით, ფიდანი ვაშინგტონში 25 და 26 მარტს იქნება.
„მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში და სახელმწიფოს მეთაურის მომავალი ვიზიტების მომზადებაზე“, – აცხადებენ წყაროები.
მათივე ინფორმაციით, დიპლომატებს შორის განსახილველ მთავარ საკითხებს შორის არის რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი, სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში.
წინასწარი მონაცემებით, სირიასთან დაკავშირებით, ფიდანი გაიმეორებს თურქეთის ერთგულებას სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ. ის ასევე მოუწოდებს აშშ-ს, გააუქმოს სანქციები სირიისთვის და ითანამშრომლოს თურქეთთან ჰუმანიტარული დახმარების გახანგრძლივებისა და ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის აღდგენის მიზნით.
მედიის ცნობით, ფიდანის ვიზიტის შემდეგ, სავარაუდოდ, ერდოღანს თეთრ სახლში ტრამპი უმასპინძლებს.