ჯემალ ლეონიძე: კეზერაშვილის დაკვეთა იყო “თიბისი ბანკის” მესვეურების მიმართ და ჩარეული იყო ადეიშვილიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველა, იმიტომ, რომ ქმედებებს, რომელიც მაშინ განხორციელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებების წინააღმდეგ, მარტო კეზერაშვილი და ხაზარაძე ვერ მოაგვარებდნენ
2008 წლის ომამდე, სურვილი ჰქონდა კეზერაშვილს ჩემს კომპანიაში ამ ქმედებების განხორციელებისა და რასაც აკეთებდა, ის საქვეყნოდაა ცნობილი. კეზერაშვილის სპეციალური დაკვეთა იყო “თიბისი ბანკის” მესვეურების მიმართ და ჩარეული იყო ადეიშვილიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველა, იმიტომ, რომ ქმედებებს, რომელიც მაშინ განხორციელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ქონების წინააღმდეგ, მარტო კეზერაშვილი და მარტო ხაზარაძე ვერ მოაგვარებდნენ, – განაცხადა ბიზნესმენმა, შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ჯემალ ლეონიძე იხსენებს, რომ მის მფლობელობაში არსებულ ავტოგასამართ სადგურებს, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ყადაღა ედო, ერთ საათში მოხსნეს ყადაღა, გადააფორმეს და ამის შემდეგ კვლავ ყადაღა დაედო.
„კონკრეტულად ავტოგასამართ სადგურებს, რომლებსაც ედო ყადაღა, ერთ საათში აღსრულებიდან მოიხსნა ყადაღა, გადაფორმდა და ისევ დაიდო ყადაღა. გამოძიებას აქვს ეს ყველაფერი, ბატონ ნადარეიშვილს [პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი]. ამ ყველაფერს მე ახლა არ ვამბობ, ცნობილია პირველი დღიდან, რაც მე საპატიმროდან გამოვედი. მოხდა ის, რომ მთელი სახელისუფლებო ბერკეტი იყო გარეული ამ სქემაში, რომ ეს ქონება უნდა გადასულიყო კეზერაშვილის საკუთრებაში. ყველამ იცოდა, რომ მე ამას ნებით არ გავაკეთებდი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს – იზოლაციაში მომაქციეს, კომპანია, რომელშიც გადავიდა ჩემი ქონება, ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, იმან ეს ქონებები კეზერაშვილის “სან პეტროლიუმ ჯორჯიაზე” წლინახევრის შემდეგ გადაყიდა ვითომ 13 მილიონ დოლარად. მე რომ გამოვედი ციხიდან და გავიგე, რომ ამ კომპანიასაც 5 მილიონი დოლარი დარჩა “თიბისი ბანკიდან” აღებული, ბატონ გიორგი ასლანიკაშვილს,მიზეზი იყო ის, რომ ის კომპანიაც გააკოტრეს, იმასაც 5 მილიონი დოლარი ვალი დაუტოვეს და კეზერაშვილს ლანგარზე დადებული მიართვეს, აჩუქეს ეს ქონებები. ეს ჩანს, ეს არის რეალურად დოკუმენტებით დადგენილი, დადასტურებული. ერთი დაკითხვა რა გახდა გიორგი ასლანიკაშვილის, რომელიც დღესაც ტყავს აძრობს ხალხს, რომ რა მოხდა, რატომ მოხდა, შენ რა ინტერესი გქონდა, რისთვის აკეთებდი ამას? ან – გაკოტრდა “მაგნატი”, ამ “ენესკას” რომ 5 მილიონი ვალი დარჩა, წლინახევრის განმავლობაში ეს 5 მილიონი დოლარი რა უყავი? მე რომ გამოვედი და ვსაუბრობდი მაგათთან, ეს გამართლება ჰქონდათ, რომ წლინახევრის განმავლობაში ისეთი ზეწოლა ჰქონდათ ხელისუფლებისაგან, ისინიც ამბობენ, ხაზარაძის მესვეურები ჩემს ახალ კომპანიაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით ბიზნესის გაგრძელება, გამოგვიჩნდა “ღმერთი” კეზერაშვილი და მივყიდეთ იმას.“ – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვა მიმდინარეობს.