წილოსანი – ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლაზე: როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და შენს ბატონებთან სიტყვით გამოდიხარ, ალბათ ასე უნდა საუბრობდე – ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა, რომელიც შეიძლება, მას ჰქონდეს
“როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და შენს ბატონებთან სიტყვით გამოდიხარ, ალბათ ასე უნდა საუბრობდე – ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა და ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
“თუ ვინმეს წაუკითხავს სერგო ორჯონიკიძის გზავნილები, მაშინ, როდესაც ის ოკუპანტისგან ითხოვდა, რომ ჯარებით შემოსულიყო და დაეპყრო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ალბათ ძალიან დიდ პარალელს გაავლებს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლასთან. მაშინ, როდესაც ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და როდესაც შენს ბატონებთან გამოდიხარ სიტყვით, ალბათ სწორედ ისე უნდა საუბრობდე, როგორც სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა. ეს არის კულმინაციური მომენტი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ალბათ ყველაზე უფრო დიდი და შავი ლაქა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს. ის იწვევდა უცხო ძალებს და უცხო პოლიტიკურ გავლენებს იმისთვის, რომ საქართველოში, ქართველი ხალხის არჩევანზე მოახდინონ გავლენა. ეს არის საკუთარი ქვეყნის წარმოუდგენელი მტრობა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა “დღის ქრონიკაში”.