ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ბადრა გუნბა დასახელდა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ” ბადრა გუნბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად დაარეგისტრირა.
ბადრა გუნბა ასლან ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტობის დროს დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი იყო. ბჟანიას გადადგომის შემდეგ, ის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
“ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ” განმარტა, რომ როდესაც ბადრა გუნბა ე.წ. კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდება, მას მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ოკუპირებულ აფხაზეთში პრეზიდენტობის მსურველი ე.წ. კანდიდატების რეგისტრაცია 6 იანვრამდე გაგრძელდება, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები კი 15 თებერვალს გაიმართება. სხვა “კანდიდატების” ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.