ტიერი მარიანი: არ მესმის, რატომ უნდა დასანქცირდეს თავისუფალი ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა
“ევროკავშირი მუდმივად ამბობს, რომ ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევას, მაგრამ თავად იმავეს აკეთებს თქვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ განაცხადა.
მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდეს საქართველოს მთავრობა.
„არ მესმის, რატომ უნდა დასანქცირდეს თავისუფალი ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. ეს სანქციები რეალურად მთავრობის წინააღმდეგ კი არ არის, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ მოსვლას დაუჭირა მხარი. ეს სანქციები არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა წარმატებული. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს მომავალზე ევროკავშირის შიგნით. ევროპამ პატივი უნდა სცეს ქვეყანას, ხალხის არჩევანს. ეს სანქციები კი კარგი გზავნილი არ არის. ვფიქრობ, საქართველოში სიმშვიდე უნდა დაბრუნდეს, ეს შედის ხალხის ინტერესში. ის ფაქტი, რომ ჩვენ თქვენი პრეზიდენტი აქ ვიხილეთ, მისი მანდატის ამოწურვამდე 10 დღით ადრე, ცოტა არ იყოს პროვოკაციაა. ევროკავშირი მუდმივად ამბობს, რომ ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევას, მაგრამ ის თავად იმავეს აკეთებს თქვენს ქვეყანაში. ყოველივე ამის დასრულების შემდეგ ცხადია, უნდა აღვადგინოთ დისკუსია და კარგი ურთიერთობები ჩვენს ინსტიტუტებს შორის. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემმა კოლეგებმა უნდა გაიაზრონ, რომ სხვა ქვეყნის მოსახლეობის ნება და არჩევანი შეიძლება მათ ოცნებებს არ ემთხვეოდეს“, – აღნიშნა მარიანიმ.