ნინო წილოსანი ალენ ბერსეტის ვიზიტზე: მისი კეთილგანწყობა საქართველოსთან მიმართებით, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვიზიტის დასასრულს ობიექტური განცხადებები გაკეთდება
“ქართული ოცნების წევრი“ ნინო წილოსანი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეტის საქართველოში ვიზიტს “იმედის” ეთერში საუბრისას გამოეხმაურა.
„ევროპის საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი, განსაკუთრებით პოლიტიკურად ძალიან დატვირთულ და დაძაბულ პერიოდში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალი მნიშვნელობისაა. თავისთავად ის განცხადება და ის მესიჯი, რაც ბატონი ალენის ჩამოსვლამდე გაჟღერდა, ის მოტივაცია, რა მოტივითაც ის ჩამოდიოდა საქართველოში და შეხვედრები, რომელიც დღეს გაიმართა, ძალიან პოზიტიური მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს.
რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასე ახლო თანამშრომლობის ფორმატშია, ასე პირადად ინტერესდება საქართველოში მიმდინარე საკითხებით, ხვდება პოლიტიკური სპექტრის ძალიან ფართო შემადგენლობას, მათ შორის, ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ოპოზიციისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, იმის ფიქრის საშუალებას გვაძლევს, რომ მას ექნება სრულყოფილი ინფორმაცია აქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც მთავარია, მისი კეთილგანწყობა საქართველოსთან მიმართებით, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მისი ვიზიტის დასასრულს ასევე ობიექტური განცხადებები გაკეთდება“, – განაცხადა წილოსანმა.