“პრემიერისგან არაერთ განცხადებას უკვე მერამდენედ მოჰყვა უარი მეორე მხრიდან, ისინი აგრძელებენ ქუჩაში დგომას და ქუჩის ოპერაციას” – წილოსანი

“პრემიერ-მინისტრის არაერთ განცხადებას უკვე მერამდენედ მოჰყვა უარი მეორე მხრიდან და ისინი აგრძელებენ ქუჩაში დგომას და ქუჩის ოპერაციას, რომელიც რეალურად აძლევთ მათ ხელს და აახლოებთ იმ ბოროტ მიზანთან, რაც ხელისუფლების ჩამოგდებას უკავშირდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა “დღის კურიერში” ისაუბრა.

“თავისთავად ის პატარა მცდელობებიც კი, როდესაც მეორე მხარეს რამდენიმე წარმომადგენელს ჰქონდა სურვილი, რომ ამ დისკუსიის ფორმატში შემოსულიყო, მათივე მხარდამჭერების მხრიდან ჩაიქოლა პატარა მცდელობაც კი, რომ პრემიერის გამოწვდილი ხელისთვის შემხვედრი ხელი დაეხვედრებინათ. ამიტომ უკვე აღარ გვეპარება ეჭვი და ვფიქრობ, საზოგადოება უკვე ბოლომდე დარწმუნდა, რომ არავის აწყობს არც დისკუსია, არც დიალოგი, არც მსჯელობა. არც არავის აინტერესებს თავიანთ კითხვებზე პასუხების მიღება იმიტომ, რომ არ არსებობს კითხვები – არ არსებობს კითხვა, საქართველომ შეიცვალა თუ არა რაიმე კურსი. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ურყევია.

სწორედ ამიტომ არ სჭირდებათ მათ კითხვა-პასუხის რეჟიმი და არც პრემიერ-მინისტრის განმარტებები, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ეს კურსი არ შეცვლილა, თუმცა, ფსევდოიდეალებს აპროტესტებენ ქუჩაში და საკუთარ ამომრჩეველსაც ხშირ შემთხვევაში ატყუებენ რაღაც ეფემერული მიზნებისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, საჯარო დისკუსიისთვის მზადყოფნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები